მაშინ, როდესაც რეგიონში ამ რანგის პოლიტიკოსი ჩამოდის და საქართველო ნახსენებიც არ არის, ეს არის პირდაპირ გეოპოლიტიკური კატასტროფა და აღსასრული ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არის მომასწავებელი იმისა, რომ საქართველო საკუთარ ისტორიულ და რეგიონულ ფუნქციას კარგავს! – ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია, თებერვალში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტს.
გეგელიას თქმით, ის, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი რეგიონში ჩამოდის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ხვდება, მაგრამ არ ჩამოდის საქართველოში, სრული და ტოტალური იზოლაციის დასტურია, რაშიც დღესდღეისობით საქართველო აღმოჩნდა.
„ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველო აღარ აინტერესებს არავის – არც ევროკავშირს და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთანაც ამ რეჟიმის პროპაგანდის მიხედვით, ვითომ და იდეოლოგიური თანხვედრა გააჩნიათ.
ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორია იზოლირებული, მარტოდ დატოვებული რეჟიმი და როგორია ჩიხი, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა შექმნა. ეს ჩიხი მხოლოდ რუსეთისკენ მიემართება და არ მიემართება საერთაშორისო თანამეგობრობისკენ, მშვიდობისკენ და უსაფრთხოებისკენ.
მაშინ, როდესაც რეგიონში ამ რანგის პოლიტიკოსი ჩამოდის და საქართველო ნახსენებიც არ არის, ეს არის პირდაპირ გეოპოლიტიკური კატასტროფა და აღსასრული ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არის მომასწავებელი იმისა, რომ საქართველო საკუთარ ისტორიულ და რეგიონულ ფუნქციას კარგავს, მათ შორის კარგავს იმ სატრანზიტო გზებს, რომლითაც ასე ძალიან ვამაყობდით ათწლეულების განმავლობაში. საქართველო ამ რეგიონის მნიშვნელოვანი სახელმწიფო აღარ იქნება. აღარ იქნება ისეთივე დატვირთვის ტრანზიტული კორიდორი, როგორიც ის სამი ათწლეული დეკადის განმავლობაში იყო.
ეს არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ არავითარი დალაგება და ნორმალიზება ტრამპის ადმინისტრაციასთან არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, რადგან ტრამპს ასეთი ტიპის ნაცრისფერი რეჟიმები, რომელსაც საერთაშორისო რეპუტაცია ძალიან დაზიანებული აქვს და არაფერი მისთვის საინტერესო სათქმელი არ გააჩნიათ, არ აინტერესებს.
გავიდა არა მხოლოდ 2025 წლის 20 იანვარი, არამედ 2026 წლის 20 იანვარი და “ქოცური“ ბაქი-ბუქის ერთი წლის თავზე, არავითარი სტაბილიზაცია “ქოცებსა“ და აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას შორის არ მომხდარა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
გეგელიას შეფასებითვე, ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე მოსმენის გამართვა ცხადყოფს, რომ საქართველო აშშ-ს პოლიტიკური კლასის რადარზე მნიშვნელოვან საკითხთა ნუსხაშია.
“ეს არის კარგი და მისასალმებელი. მოველით, რომ ძალიან კრიტიკულ და ობიექტურ განხილვას ყველა იმ მოვლებისა, რაც საქართველოში ხდება – ეს არის კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფა, სახელმწიფოს მიტაცება. ეს არის საკითხები, რასაც ჰელსინკის კომისიაში აუცილებლად განიხილავენ.
ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რეჟიმის დელეგიტიმაციის კუთხით. ეს ის რეჟიმია, რომელიც გვეუბნებოდა, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან ყველაფერი შეიცვლებოდა. გავიდა 2025 წლის 20 იანვარი, 2026 წლის 20 იანვარი, მაგრამ აშშ-თან დალაგების კუთხით არაფერი შეცვლილა.
ეს რეჟიმი არალეგიტიმურ, არაღიარებულ რეჟიმად რჩება!“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
