ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტულ პროდუქტზე ფასების გაზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება შედგა. მისი მტკიცებით, მწარმოებლებმა აღნიშნულ პროდუქტზე ფასი ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს. ამის შესახებ “ოცნების” პრემიერმა სამთავრობო მედიის ეთერში ისაუბრა.
კობახიძის თქმით, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კარტერულ გარიგებას. ამასთან, “ოცნების” პრემიერი აღნიშნავს, რომ საკითხი შესწავლა სუსის ჩართულობას საჭიროებს.
„ჩვენ ყველა ფორმას უნდა მივმართოთ იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი. მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული პროცედურები სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენ უნდა დავადგინოთ, არის თუ არა კარტელური გარიგება. ერთი კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანო, კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, არ დავაკონკრეტებ, ვიდრე ამას დამატებით არ შევისწავლით, აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი კონკრეტულ პროდუქტზე. ასეთი ფაქტები, ბუნებრივია, იწვევს შეშფოთებას და აჩენს ეჭვს, რომ კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მომატება. იგივე შეიძლება ეხებოდეს ქსელურ მარკეტებსაც, დისტრიბუციასაც. იმისათვის, რომ ყოვლისმომცველი იყოს ამ საკითხის მოკვლევა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტვ იმედიის ეთერში.
