კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში მისულ ბიზნესმენებს უთხრა, რომ ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ საზღვრიდან თარომდე პროდუქტი 86 პროცენტიანი ფასნამატით იყიდება. კობახიძემ პრაქტიკულად თქვა, რომ ეს ფასნამატი კი კანონიერია, მაგრამ თან უკანონოა, იმიტომ რომ ქვეყანის “სოციალური ფაქტორია”. კობახიძეს არ უთქვამს, ან ეს სოციალური ფაქტორი ვისი პასუხისმგებლობაა, ან ვის უნდა შეექმნა კონკურენტუნარიანი გარემო ბიზნესისთვის.
“პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
მე პირადად ვნახე, მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%- მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე – 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია, ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის”,- განაცხადა კობახიძემ.
