ტაივანელი კაცი, რომელიც ბათუმში თავს მსხვილ ბიზნესმენად ასაღებდა და ბათუმის დინამოს საპატიო პრეზიდენტად დაასახელეს, საკუთარი ქვეყნიდან გაქცეული ნარკობარონი აღმოჩნდა – ამის შესახებ აი, ფაქტის საგამოძიებო სტატიიდან ხდება ცნობილი.
გამოძიების მიხედვით, ინვესტორი, რომელიც თომას შუს სახელით არის ცნობილი, სინამდვილეში ტაივანში დაბადებული მინგ ჩინ ჰსუა. მან ტაივანი 2014 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც სასამართლომ მეტამფეტამინის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნო. სამი ქვეყნის პოლიცია თომას შუს 2016 წელს 364 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკების გადაზიდვის დაფინანსებაშიც ეჭვმიტანილად მიიჩნევს, რაც აზიის მსხვილ ნარკოსინდიკატს – „სემ გორს“ (Sam Gor) უკავშირდება.
მათივე ცნობით, შუ საქართველოში 2021 წელს ჩამოვიდა, როგორც კამბოჯური უძრავი ქონების გიგანტის, “ლიქსინ გრუპის” წარმომადგენელი. კომპანიას საქართველოში “ჰალისიონის კოშკები” უნდა აეშენებინა, რომელიც ყველაზე მაღალი შენობა იქნებოდა ბათუმში. თუმცა, როექტის დაანონსებიდან 4 წლის შემდეგ მშენებლობა დაწყებულიც კი არ არის. 2022 წლის მაისში შუ ბათუმის “დინამოს” საპატიო პრეზიდენტადაც დაასახელეს.
“თომას შუ იდეალურ უცხოელ ინვესტორს ჰგავდა, თუმცა, მას საიდუმლო ჰქონდა.
OCCRP-ისა და პარტნიორების მიერ მოპოვებული საჯარო ჩანაწერებისა და სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, კამბოჯელი „ქველმოქმედი“ სინამდვილეში ტაივანელი ნარკომოვაჭრე იყო. შუ, რომლის ნამდვილი სახელი (2019 წელს სახელის შეცვლამდე) მინგ ჩინ ჰსუ იყო, სამშობლოდან 2014 წელს გაიქცა და მასზე ძებნა დღემდე გამოცხადებულია. მას ასევე სამი ქვეყნის პოლიცია ეჭვმიტანილად მიიჩნევს 364 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკების გადაზიდვის დაფინანსებაში, რომელიც აზიის მსხვილ ნარკოსინდიკატს უკავშირდება (პოლიციის განცხადებით, აღნიშნული დანაშაულისთვის მას ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტაივანსა და კამბოჯას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულება არ არსებობს).
როდესაც OCCRP-მ „Lixin Group“-ს თომას შუს და კომპანიაში მისი პოზიციის შესახებ ჰკითხა, ჯგუფის იურისტები ამტკიცებდნენ, რომ კომპანიას მასთან საერთო არაფერი ჰქონდა. „თომას შუ/მინგ ჩინ ჰსუ არ მონაწილეობს „Lixin Group“-ში შემავალი არცერთი სუბიექტის საქმიანობაში“, – ნათქვამია წერილობით პასუხში. მათ ასევე უარყვეს OCCRP-ის მიერ შეგროვებული პრესრელიზები და სარეკლამო მასალები, რომელშიც შუ ლიქსინის თავმჯდომარედ იყო დასახელებული და ეს ინფორმაცია „ფაქტობრივად არასწორად“ შეაფასეს.
OCCRP-ის მიერ შეკითხვების გაგზავნის შემდეგ, Lixin Group-ის ვებგვერდიდან და YouTube არხიდან წაიშალა შუს, როგორც კომპანიის თავმჯდომარის შესახებ არსებული ცნობები და კადრები სხვადასხვა ღონისძიებებიდან, სადაც ის კომპანიის სახელით მონაწილეობდა” | წერს Ifact.
