სოფო ძნელაძე პროკურატურასთან რამდენიმე დღეა შიმშილობს. ის ამტკიცებს, რომ მისი შვილი, დემეტრე ჩიქოვანი უდანაშაულოდ არის დაკავებული.
სოფო ძნელაძე სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს და გიორგი გვარაკიძეს მიმართავს.
“დღეს შიმშილობის მეოთხე დღეა. სხეული სუსტდება, ძალა მელევა, მაგრამ ჯერ კიდევ ვდგავარ ფეხზე. ვდგავარ ჩემი შვილის სიმართლით ზურგ გამაგრებული. ვდგავარ, როგორც დედა, რომელსაც აღარ შეუძლია დუმილი, როცა უსამართლობა შვილს ეხება. მე არ ვდგავარ პროკურატურასთან მხოლოდ ჩემი შვილისთვის, არამედ ვარ აქ თქვენი შვილებისთვის, რომელთაც უნდათ, რომ სიმართლეში გაიზარდონ და არა შიშში. ვდგავარ იმ დედებისთვის, ვის ხმასაც არავინ უსმენს, მაგრამ ტკივილი ყველას გვაერთიანებს. შიმშილი მაძლიერებს არა ფიზიკურად, არამედ სულიერად. ყოველი დღე მახსენებს, რატომ დავიწყე ეს გზა – იმიტომ რომ სხვა გზა ხომ აღარ დამიტოვეს. რა დაგიშავე გიორგი გვარაკიძევ, რა ისეთი, რომ ასეთ დღეში ჩამაგდე!!!! გელით დღეს 16:00 საათზე საქართველოს პროკურატურასთან!!!” – გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე
