შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ დ.შ.-ს, დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები.” – წერს უწყება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
