ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილის ინფორმაციით, “შაბათის ფორმულაში” კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებული სიუჟეტის გასვლის შემდეგ, მან მუქარის შემცველი ტექსტი მიიღო.
მოქალაქე ლუკა ხაინდრავა ჟურნალისტს სწერს, რომ “თბილისი პატარა ქალაქია” და აფრთხილებს, რომ “თავს მოუფრთხილდეს.”
“ნახავდით რეპორტაჟს, რომელიც ეხებოდა გოგა ხაინდრავას. ჩვენი წყარო ამბობდა და მიუთითებდა, რომ, შესაძლოა, ის ჩართული იყო გარკვეულ სქემებში. ჩვენ ადრეც მოგვიმზადებია რეპორტაჟი და ყოველთვის მოვამზადებთ, ცხადია, თუ ასეთი ინფორმაცია გვექნება და წყარო მოგვაწვდის ინფორმაციას ნებისმიერ ადამიანზე მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ, ჟურნალისტებს, არ გვყავს კერპები და არც თემები, რომელსაც ვარჩევთ ხოლმე. ნახავდით რეპორტაჟს და რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან მალევე მივიღე შეტყობინება იგივე გვარის არის ეს ახალგაზრდა მამაკაცი, ნახავთ სქრინს პირდაპირ ეთერში. ცხადია, ამას პრევენციისთვის ვაკეთებ, მრავალი წელია რეპორტიორი ვარ, მიმიღია მსგავსი შინაარსის მესიჯები. მე მინდა, ეს განცხადებაც, რასაც ახლა ეთერში ვაკეთებ, მიიღოს ოფიციალურ განცხადებად შსს-მაც. ცხადია, მსგავსი მესიჯები ჩვენს პროფესიულ საქმიანობას ვერ დააზიანებს. კი, ვეთანხმები ამ ახალგაზრდა კაცსაც, რომ კი, თბილისი პატარა ქალაქია და ხელისგულზე ეტევა” – თქვა ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა.
აღნიშნულ შემთხვევას გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
“დღეს, 17 იანვარს, მას შემდეგ, რაც „შაბათის ფორმულაში“ გავიდა რეპორტაჟი კორუფციულ სქემებში რეჟისორ გოგა ხაინდრავას შესაძლო მონაწილეობის შესახებ, წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა მალევე მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება სოციალური ქსელით მისთვის უცნობი პირისგან.
ამის შესახებ მან თავად განაცხადა შემაჯამებელი, საგამოძიებო გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით შსს-ც ჩააყენა საქმის კურსში.
„შაბათის ფორმულამ“ რამდენიმე კვირის წინაც მოამზადა რეპორტაჟი გოგა ხაინდრავას ქონების შესახებ, რომლის ეთერში გასვლის შემდეგ რეჟისორმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის ტელეკომპანიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივლებს.
საქართველო იმ ქვეყანათა რიგშია, სადაც ჟურნალისტთა უსაფრთხოება დაცული არ არის, სადაც ძალადობა მათ წინააღმდეგ არათუ დაგმობილი, არამედ, პირიქით, წახალისებულია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისათვის ჟურნალისტის მიმართ გაჟღერებული მუქარის ეს შემთხვევა შემაშფოთებელია. მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ფაქტით, სწრაფად გამოიძიოს ის და, პარალელურად, ჟურნალისტის უსაფრთხოება უზრუნველყოს” – წერია განცხადებაში.
