გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დემეტრე ჩიქოვანის დედამ, სოფო ძნელაძემ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართა.
ჩიქოვანის დედა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოდ არის დაკავებული და მას პროკურატურამ საქმის ჩაფარცხვის მიზნით წაუყენა ახალი ბრალი. მისივე თქმით, დემეტრე ჩიქოვანი მკვლელობის ღამეს იმ ადგილას არ იმყოფებოდა.
სოფო ძნელაძემ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყება დააანონსა:
“ჩვენს ადვოკატს აკრძალა – გაუთქმელობაზე მოუწევთ რომ მოაწერონ ხელი. რაც პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ პროკურატურას არ უნდა სიმართლის გამოაშკარავება. ის ბრალი, რომელიც წაუყენეს ჩემს შვილს 20 დეკემბერს, როცა დააკავეს დემეტრე დანაშაულის შეუტყობინებლობაზე. 20 დეკემბრის შემდეგ მას ბრალი შეუცვალეს, ადამიანს რომელიც შემთხვევის ადგილზე არც კი ყოფილა, გვედავებიან, რომ ჯგუფურად მოამზადა 2 არასრულწლოვან მეგობართან ერთად დანაშაული. ამ ბრალის შეცვლა და ამ უსამართლობის ზენიტი, რომელსაც საქართველოს პროკურატურა კონკრეტულად ჩემი ოჯახის მიმართ აპირებს, სამართლებრივი ველი რომ სრულად დატოვებული გაქვთ, თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით? პროკურატურას მივმართავ – თქვენ დაწერეთ ყველაზე სამარცხვინო ბრალი დემეტრე ჩიქოვანთან დაკავშირებით. დღეს მე მოვედი აქ – შიგნით არ შემომიშვებთ, რომ ვიშიმშილო? გარეთ ვიდგები – დღეიდან ეს ადგილი იქნება ჩემი სასაფლაო, მაგრამ ჩემს შვილს არ დაგითმობთ, რადგან ჩემი შვილი არის უდანაშაულო… აქ მოვკვდები, მაგ ბრალს უკან წაიღებთ – საქართველოს მთავრობას მივმართავთ, პრემიერს მივმართავთ, სასწრაფოდ ვითხოვთ საპარლამენტო კომისიას, პარლამენტისგან შედგეს იმ ხალხის სია, რომელიც დეტალურად გამოიძიებს – დეტალურად გაივლის ამ საქმეს ჩემს შვილთან მიმართებაში, დამიდებს ბრალს და მეტყვის რომ დემეტრეს წვრილი მიუძღვის გიგა ავალიანის სიკვდილში და დასაჯეთ მაშინ დემეტრე ჩიქოვანი…” – თქვა სოფო ძნელაძემ.
სოფო ძნელაძე გიორგი ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა:
“დღეს ვნახე ეკა კუპატაძის პოსტი, სადაც პირდაპირ ეხება ჩემს მეორე შვილს, გიორგი ჩიქოვანს. გენერალურო პროკურორო მე თქვენ გეუბნებით, ვეუბნები ასევე იმათ – დემეტრე ამ ბავშვებს იცნობდა, მეგობრობდა, იყო 29 სექტემბერს თემქაზე, რისი უარყოფაც ჩვენ არც გვიცდია. გამოიტანეთ ერთი ფაქტი გიორგი ჩიქოვანთან დაკავშირებით – თქვენ ჩემს შვილებზე ამბობთ, რომ თქვენი შვილის სიკვდილი მოამზადეს და ჩვენ მთელი ოჯახი მოვდივართ ციხეში. თქვენ მთელი ოჯახი მოვდივართ თქვენი შვილის საფლავზე და იქ შეგეწირებით. თქვენი ეს პოზიცია, თქვენი ეს პოსტი აბსოლუტურად უღირსია და ახლავე გეტყვით რატომ – პროკურატურას დემეტრე ჩიქოვანის დედამ გამოუთქვა პროტესტი და თქვენ ურტყამთ დემეტრე ჩიქოვანის დედას ახლა. დემეტრე ჩიქოვანის დედას უნდოდაო ვიდეოს გასაჯაროებაო, კარგად მომისმინეთ – როცა დემეტრე დააკავეს, საქმის მასალები მე გადმომეცა, მე ეგ ვიდეო ნანახი მაქვს და მე ვიყავი ადამიანი ვინც თქვა, რომ ეს ვიდეო თქვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გენახათ… 20 დეკემბრის შემდეგ მაქვს ეს ვიდეო, რატომ არ აგიტვირთეთ? პასუხი გამეცით პოსტით და მიპასუხეთ!” – თქვა დემეტრე ჩიქოვანის დედამ.
