თბილისში მოკლული მასწავლებლის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმეს.
ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახი მიიჩნევს, რომ მათი შვილი „საქმის ჩაფარცხვისთვის“ გაწირეს.
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვნიდან ორს დემეტრე ჩიქოვანსა და ა.ნ.-ს ბრალი დაუმძიმეს.
ორივე მათგანი პროკურატურამ თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. ისინი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაკავებული არასრულწლოვნის [ა.გ.] მეგობრები არიან.
დამძიმებული ბრალის შესახებ სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა დაკავებული არასრულწლოვნის, ინიციალებით დ.ჩ.-ის [დემეტრე ჩიქოვანი] დედამ, სოფო ჩიქოვანმა.
თუ პროკურატურა თავდაპირველად ამბობდა, რომ დემეტრე ჩიქოვანმა დანაშაულის შესახებ იცოდა, მაგრამ დაფარა, ახლა ამბობს, რომ ის გეგმავდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად, თანაც განსაკუთრებული სისასტიკით.
ჩიქოვანის ოჯახი პროკურატურის ამ ნაბიჯს აპროტესტებს, არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მთავარი პროკურორი გიორგი გვარაკიძე „საქმის ჩაფარცხვას“ დემეტრე ჩიქოვანის გაწირვით ცდილობს.
„ჩემი შვილი გადაუგდეს „ბარტყად“, რომ მის დედას [ გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე – რ.თ.] აეღო განზრახვაზე ხელი და შიმშილობა არ დაეწყო“, – ამბობს სოფო ჩიქოვანი.
გიგა ავალიანის ოჯახს 17 იანვარს საპროტესტო აქცია და შიმშილობის დაწყება ჰქონდა დაანონსებული, მთავარი პროკურორის გიორგი გვარაკიძის გადადგომის მოთხოვნით. მას შემდეგ, რაც მათ საქმის მასალები გადასცეს, ეკა კუპატაძემ აქციის თარიღი გადაავადა.
