ატლანტის ოკეანეში აშშ-ის მიერ 7 იანვარს დაკავებულ ტანკერ BELLA 1-ის [Marinera] ქართველი კაპიტანი ბათუმელი მეზღვაური ავთანდილ კალანდაძეა – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, დასტურდება, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მეზღვაურებმაც დაუდასტურეს. სავარაუდოდ, ტანკერზე კიდევ 5 ქართველია.
7 იანვარს, აშშ-ის ოფიციალური პირები იტყობინებოდნენ ეკიპაჟის წევრების სისხლის სამართლის წესით გასამართლების გეგმის შესახებ. მათ სანქცირებული ტანკერით სანქცირებული ნავთობის გადაზიდვაში ედებათ ბრალი. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული რა ეტაპზეა გამოძიება და როდის გაიმართება სასამართლო. ტანკერის 28-კაციანი ეკიპაჟიდან 6 პირი საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის არის გემის კაპიტანიც.
9 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართვის საფუძველზე, აშშ-ის პრეზიდენტმა გაათავისუფლა ტანკერის ეკიპაჟის 2 რუსი წევრი და ისინი მალე დაბრუნდებიან სამშობლოში. რა ბედი ელით საქართველოს მოქალაქეებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პასუხები ვერც საქართველოს ოფიციალური უწყებებისგან მივიღეთ.
