“ვერცერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ, რომ სადმე რამე დავგეგმე” – განაცახადა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე.
პაატა მანჯგალაძის თქმით, ის ამ საკითხთან დაკავშირებით დაკითხულიც კი არაა, რადგან წინასწარი შეთანხმება უბრალოდ არ არსებობდა.
“დაკითხულიც კი არ ვარ, ამ თემასთან დაკავშირებით, არავის უკითხავს, მინდა გამოძიებამაც იცოდეს, რომ ეს ვიდეო არ ნიშნავს, რომ წინასწარი განზრახვით შევიკრიბეთ, დავგეგმეთ. ეს ვიდეო 4-შია ჩაწერილი, ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება, კონკრეტულ მონაკვეთში რომ არ მოვხვედრილიყავი იქ, ეს ვიდეო არ იქნებოდა…
წინასწარ შეთანხმებული ხომ უნდა ვყოფილიყავით? ასეთი რამ არ მომხდარა, ეს იყო პერფორმანსი ჩემთვის, თავიდან ვიდეოს ნაცვლად საუბარი იყო ფოტოს გადაღებაზე, ეს ვიდეო არაფერია, მეტ ინფორმაციას მოგცემთ გამოძიებას. ირაკლი ნადირაძემ გამახსენა, მითქვამს, ეს პერფორმანსი არაა უწყინარი, შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ-თქო. პროკურატურამ, როცა კომენტარებს ვაკეთებდი მხოლოდ იმ დღის მტკიცებულებები კი არ უნდა მოიტანოს, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა, ისეთიც უნდა მოიტანოს, სადაც ვამბობ, რომ ამ აქციის ორგანიზატორი არ ვარ. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ დღეს უამრავ ადამიანთან ჩავწერე ვიდეო და გადავიღე ფოტო. არანაირ დამხობაზე არაა საუბარი, [ასეთ შემთხვევაში] ადამიანი 14 წლის ბავშვით ერთად არ წავა აქციაზე. რაიმე შეხვედრა, სადაც ამ ხალხის მონაწილეობით რამე დაიგეგმა, არ ყოფილა, ეს არის აბსურდი.
ეს ვიდეო პირიქით არგუმენტად გამოდგება. მე პოლიტიკოსი ვარ, მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხთან უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ვინმეს ცეცხლის კალოს მოწყობა უნდოდა. ადამიანი, პოლიტიკოსი ხალხთან ერთად უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ რამე დაგეგმა. ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ, რომ სადმე რამე დავგეგმე. ამ ვიდეოში ამოჭრილია, ვამბობ, რომ ორგანიზატორი არ ვარ, ბოლომდე ვაჩვენოთ. ბუნებაში არ არსებობს პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება, რომ რამე ფორმით ჩართული ვიყავი ვინმესთან ან მარტო, ხელისუფლების ძალადობით შეცვლაში” – თქვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
