“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“ზოგი კაცი მიდის ამა სოფლიდან და… მთელ ქვეყანას სტკივა გული. ასეთი კაცის მერე დიდი სიცარიელე რჩება. გლოვისას სიტყვა “ბედნიერება” რა მოსატანია, მაგრამ… ბედნიერებაა, ასე რომ დააკლდები შენს ქვეყანას და ასე გულწრფელად რომ დაგიტირებს შენი ხალხი.
თამაზ მეჭიაურს ეს ცრემლი მიჰყვება. გულწრფელი ცრემლი. სწორად უცხოვრია ამ უსწორმასწორო მიწაზე.
ღმერთმა ახლა სამოთხეში დააკვიდროს მისი სული”, – წერს ინაშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი დეპუტატი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თამაზ მეჭიაურს რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
თამაზ მეჭიაური 1954 წლის პირველ დეკემბერს სოფელ ჟებოტაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.
2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა.
https://mix.metronome.ge/25102-2/
