მკვლელობა ვაკეში – სასამართლო პროცესი ხვალ, 12:00 საათზე ჩაინიშნა. მალხაზ ბაღათელიას, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს, ხვალ მოსამართლის შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, რა მოტივით ჩაიდინა უმძიმესი დანაშული.
ბრალდებულს დღეს ოფიციალურად გააცნეს ბრალი. მას საგამოიძებო უწყება სამ მუხლს ედავება, საუბარია 108-ე, 236-ე და 260-ე მუხლებზე.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დუმილი არ დაურღვევია, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობს.
“პირველებისთვის“ რამდენიმე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ბაღათელიამ ვაკეში დაიბარა ბავშვობის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, საქმის გასარჩევად, ამას კი ზუგდიდში ასევე საქმის გარჩევა უძღოდა წინ. საქმე ეხება დიდი რაოდენობით თანხის დაკარგვას საერთო ბიზნესიდან.
ასევე “პირველების“ ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, თუმცა არა საქართველოში. ის თურქეთში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა- მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს.
შეგახსენებთ, რომ მკვლვლობა ვაკის კორტებთან 31 დეკემბერს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალება “მეთადონის” შემცველი 25 აბი.
