თურქეთის პოლიციამ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 110 ეჭვმიტანილი დააკავა, – ინფორმაციას Reuters-ი სტამბოლის მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოპერაციის ჩატარებიდან ერთი დღით ადრე თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში სროლის შედეგად სამი პოლიციელი და ექვსი მებრძოლი დაიღუპა.
პოლიციამ რვა საათის განმავლობაში ალყა შემოარტყა ქალაქ იალოვას. ერთ-ერთი რეიდის დროს რვა პოლიციელი და უსაფრთხოების ძალების ერთი წევრი დაიჭრეს.
პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციის დროს, პოლიციამ რეიდები ჩაატარა 114 მისამართზე სტამბოლსა და ორ სხვა პროვინციაში, რის შედეგადაც ძებნილი 115 ეჭვმიტანილიდან 110 დააკავეს.
შეგახსენებთ, სტამბოლის პროკურატურამ ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი წევრი დააკავეს, რომლებიც, შობისა და ახალი წლის დღესასწაულების აღნიშვნისას თურქეთში, კერძოდ, არამუსლიმების წინააღმდეგ, თავდასხმებს გეგმავდნენ.
