კომისიამ იმსჯელა არსებული გარემოებების გათვალისწინებით და დატოვა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა,
მისივე თქმით, არსებული ტარიფები უცვლელად სამი თვის ვადით დარჩა.
„სამომხმარებლო ტარიფები შედგება ორი კომპონენტისგან. ერთი, ეს არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და თვითონ უშუალოდ ენერგიის ტარიფი. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები, შესაბამისი ღირებულებები, ამიტომაც უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო კომისია შემდგომ გაანგარიშებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ეს პარამეტრები მივიღოთ ჩვენ დაზუსტებული ფორმით. ასევე კომპანია „ენერგო-პროს“ ნაწილში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მცირედით დაკორექტირდეს მათი წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა. ამიტომ ამ მოცემულობებზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვიყენეთ, პარალელურად, ჩვენთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დავტოვეთ დროებით, სამი თვის ვადით, არსებული ტარიფები უცვლელი.
სამი თვის მერე რა პროცედურები იქნება, ამასთან დაკავშირებით თქვენ იქნებით პერიოდულად საქმის კურსში, რადგან კომპანიები დააზუსტებენ ცალკეულ მონაცემებს, დაზუსტდება ბალანსიც, შესაბამისად, კომისია ყოველთვის იხელმძღვანელებს იმ მეთოდოლოგიით, რომლითაც ითვლის ტარიფებს და რომლის საფუძველზეც იქნება დაანგარიშებულ ტარიფები“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
