თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი დეპუტატი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თამაზ მეჭიაურს რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
“ვაჟკაცურად იბრძოლა, მარადისობაში გადავიდა. უფალს ვაბარებთ მამა, შენ ნათელ სულს”, – წერს ზაზა მეჭიაური “ფეისბუქი”- პირად გვერდზე.
საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძილაძის ცნობით, თამაზ მეჭიაურს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ის დღეს დილით გარდაიცვალა.
თამაზ მეჭიაური ვირუსის გართულებებით, კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ გადაიყვანეს.
თამაზ მეჭიაური 1954 წლის პირველ დეკემბერს სოფელ ჟებოტაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.
2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა.
მეტრონომი იზიარების თამაზ მეჭიაურის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას.