საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას” ქიმიური ნივთიერებით აქციის მონაწილეების სავარაუდო მოწამვლის საქმის გადაფარვაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ყველა ჩართულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და ქვეყნის დასავლელი პარტნიორები აღნიშნულ საქმეში აქტიურად ჩაერთონ.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო, დღეს, რუსული საბჭოთა ტექნოლოგიის ხელშია, რომელიც გულისხმობს, ყოველდღიურად ახალი თემის შემოტანას, რომ მოსახლეობამ აღარ იცოდეს, რომელ თემაზე კონცენტრირდეს და როგორი ყურადღება დაუთმოს.
არის ეს მიზანი იმიტომ, რომ ნამდვილად რთულად განიცდიან იმას, რაც მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს მოწამვლის საქმეს და ცდილობენ, რომ გადაფარონ სხვადასხვა თემებით. ეს ერთია და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ყველანი ვართ ჩართული იმაში, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და თანამეგობრობა ჩავრთოთ ამ საქმეში აქტიურად. მე მგონი, რომ არსებობს გარკვეული შანსები, რომ მართლაც ჩამოვიდეს საერთაშორისო მისია და გაარკვიოს აქ და თუ “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ ეს პრობლემა მისთვის არ არის, მაშინ არ არსებობს მიზეზი რატომაც არ უნდა ჩამოუშვან საერთაშორისო მისია, როგორც ხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დგება ასეთი საკითხი.
მეორე არის არანაკლებად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვართ რეალურად რუსულ საბჭოთა ტექნოლოგიის ხელში და ეს ტექნოლოგია სწორედ იმას გულისხმობს, რომ ყოველდღიურად ახალი თემა შემოიტანონ, შენ აღარ იცოდე რომელ თემაზე რა ყურადღება უნდა მიაქციო. მაგალითად დღეს ჩვენ გვაქვს არა ნაკლებად მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვიდრე ის რაც იყო გასული წლის ნოემბრის კობახიძის განცხადება ევროკავშირის შესახებ, რასაც ჰქვია განათლების რეფორმა. ეს რეფორმა ნიშნავს, რომ ჩვენი შვილებისთვის და მომავლისთვის, უხურავენ რეალურად საერთაშორისო განათლების კარებს” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
