ნინო წილოსანი გრიგოლ ლილუაშვილს ურჩევს, ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად ბრალი აღიაროს – “ოცნების” წევრი ამბობს, რომ სუს-ის ექს-შეფისთვის გამოძებასთან თანამშრომლობა შემამსუბუქებელი გარემოება იქნება.
თუ ამ ადამიანებს კორუფცია და ის მასშტაბი დაუდასტურდებათ, ალბათ სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება – აცხადებს წილოსანი.
“ყველა ადამიანი, ვინც ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მათ შორის ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, რომ მან აღიარა ბრალი და ეს რა თქმა უნდა, გარკვეულწილად იქნება გათვალისწინებული მის მიმართ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ჩვენთვის ყოფილ თანაგუნდელებზე საუბარი.
თუ ამ ადამიანებს კორუფცია და ის მასშტაბი დაუდასტურდებათ, ალბათ სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება, რომ მათი ამ მოქმედებების გამო თითოეული ჩვენგანი დარტყმის, ნეგატიური აღქმების და განწყობების ობიექტი იყო – ვზიანდებოდით ყველა, რადგან ვიღაც ადამიანებმა თავი ვერ შეიკავეს და თავისი უფლებამოსილება არასწორად გამოიყენეს.
რა გვასწავლა ამ ყველაფერმა? – ეს ყველაზე მძიმე პერიოდში ხდებოდა, როცა ქვეყანა იყო როგორც ომის საფრთხეების წინაშე, ასევე რევოლუციური სცენარების წინაშე და მთელი პოლიტიკური ძალისხმევა, ისევე, როგორც უწყებების მობილიზება სრულად იყო გადართული ამ რისკების აღმოფხვრისთვის. ყველაზე ცუდი მომენტი დაიჭირეს იმისთვის (თუ დადასტურდა), რომ ეს ყველაფერი ეკეთებინათ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ორივე ფლანგზე ბრძოლა წარმოუდგენელი იყო. მათ შორის, გუნდის შიგნითაც აღმოგვეჩინა ეს ყველაფერი”, – ამბობს წილოსანი.
