საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლითაც გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება.
მისი თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება იყო ივანიშვილის მიერ გაგზავილი კონკრეტული მესიჯი ამერიკელებთანაც და რუსებთანაც, მტკიცებულება იმისა, რომ მთავარ გადაწყვეტილებებს ის იღებს.
“აი ერთად აღმოვჩნდით ციხეში მომწამლავიც და მოწამლულიც, მალე საკანში მოწამვლის შემკვეთმა უნდა ჩამანაცვლოს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება (დაჯდება).
უფრო სერიოზულად კი ლილუაშვილის დაჭერით ივანიშვილი უგზავნის მესიჯს ორივეს, რუსებსაც და ამერიკელებსაც. საქმე იმაშია, რომ ლილუაშვილი იყო მთავარი კონტაქტ პერსონა ФСБ-ს პოსტსაბჭოთა სივრცის კურატორთან, გენერალ ბესედასთან, რომელიც სწორედ მან ჩამოიყვანა მცხეთაში საქეიფოდ. სწორედ ლილუაშვილს მისცეს რუსებმა ჩემი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია 2021 წელს.
ასევე ლილუაშვილი ასრულებდა ამერიკელების ცალკეულ დავალებებს ირანელებთან და ისლამისტებთან მიმართებაში (ამიტომაც არ დასანქცირდა).
ახლა ივანიშვილი აჩვენებს რუსებს და ამერიკელებს, რომ სწორედ ის აკონტროლებს ქვეყანაში მდგომარეობას და ნებისმიერი მცდელობა მის ზურგს უკან რამის კეთების და ოლიგარქის ძირგამოთხრის, მის მიერ წინააღმდეგობას წააწყდება.
რუსები თავის მხრივ უკმაყოფილო არიან ივანიშვილით იმის გამო, რომ ბოლომდე არ უსრულებს მიცემულ დაპირებებს და ასევე იმიტომ, რომ ვერ ჩაახშო პროტესტი ბოლომდე” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
