“ევროპის ყველა ნაწილში საკმარისი ძალა უნდა იყოს ნებისმიერი საფრთხის საწინააღმდეგოდ და თანამედროვე დრონები თავდაცვის ნამდვილი იარაღია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან ლუის მონტენეგროსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზელენსკის ინფორმაციით, დღეს უკრაინამ და პორტუგალიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საზღვაო დრონების წარმოებასთან დაკავშირებით პარტნიორობის დამყარების შესახებ.
„მას ხელი მოვაწერეთ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად, რომელიც დღეს პირველი ვიზიტით იმყოფება უკრაინაში. ეს ამჟამად ჩვენი თავდაცვის ძალისხმევის ერთ -ერთი ყველაზე პერსპექტიული სფეროა. მნიშვნელოვანია შედეგების მიღწევა. ევროპის ყველა ნაწილში საკმარისი ძალა უნდა იყოს ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგოდ და თანამედროვე დრონები თავდაცვის ნამდვილი იარაღია“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
