ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათების“ პროგრამის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი უკავშირდება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლას და MIT-ის პროფესორის მკვლელობის საქმეს, რომლის მთავარი ეჭვმიტანილი, როგორც ირკვევა, აშშ-ში წლების წინ სწორედ „მწვანე ბარათის“ მიღების გზით მოხვდა.
საუბარია 48 წლის ნევეს ვალენტეზე, რომელიც, ამერიკული მედიის ცნობით, დღეს გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავები ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს არ ავრცელებენ.
„მწვანე ბარათის“ პროგრამის დაპაუზებასთან ერთად, აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრისტი ნოემმა პრეზიდენტისგან ოფიციალური მითითება მიიღო, რომლის მიხედვითაც შემდგომი განკარგულების მიღებამდე სრულად იზღუდება იმიგრანტთა ავტორიზაციის პროცესი. ტრამპის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ქვეყნის შიდა უსაფრთხოების გამკაცრება და არსებული მექანიზმების გადახედვაა.
ცნობისთვის, „მწვანე ბარათის“ ლატარია ყოველწლიურად ტარდება და აშშ-ში ცხოვრების უფლებას დაახლოებით 50 ათას ადამიანს აძლევს. 2025 წელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 20 მილიონზე მეტმა პირმა გამოთქვა.
