“დინამო ბათუმის” გასხვისება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იგეგმება – ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” ბათუმის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, კლუბის შეძენით სააქციო საზოგადოება “საფეხბურთო კლუბი დბ 1923“-ია დაინტერესებული. კომპანიას უნდა, რომ “დინამო ბათუმი” სიმბოლურ ფასად შეიძინოს, სანაცვლოდ კი 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობას დებს.
სს „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“ ნიკოლოზ ჯღარკავამ, ვახტანგ ჩხაიძემ და ირაკლი აბულაძემ 2025 წლის 11 დეკემბერს დააფუძნეს.
2025 წლის 9 დეკემბერს აჭარის მთავრობამ კომპანია შპს “ლამინთან” დადებული ხელშეკრულება მოშალა – დინამო ბათუმი და მისი ქონება კვლავ აჭარის მთავრობის საკუთრებაში გადავიდა.
“ბათუმელები” წერს, რომ “დინამო ბათუმის“ აწ უკვე ყოფილ მფლობელს, შპს „ლამინს“ ხელშეკრულების გაუქმების პარალელურად, ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო დავალიანებაც ერიცხება – რაც ჯამში 1 მილიონ 196 209 ლარს შეადგენს.
