პირველ რიგში, BBC-სგან ბოდიშს ველოდებით, ხოლო ევროკავშირისგან დემოკრატიის პატივისცემას და იმ ღირებულებებზე დაბრუნებას, რისთვისაც ეს გაერთიანება შეიქმნა, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების მხრიდან “ერთი მუჭა “ენჯეოებზე” დაყრდნობა არ უნდა მოხდეს და ქართველ ხალხს უნდა სცენ პატივი”.
“პირველ რიგში, BBC-სგან ბოდიშს ველოდებით, ხოლო ევროკავშირისგან დემოკრატიის პატივისცემას და იმ ღირებულებებზე დაბრუნებას, რის გარშემოც ეს გაერთიანება შეიქმნა. მათი მხრიდან ერთი მუჭა “ენჯეოებზე” დაყრდნობა [არ უნდა მოხდეს], მათგან ქართველი ხალხის პატივისცემას ველოდებით. არ ვიცი, მათი მხრიდან ეს ნაბიჯები რამდენად იქნება გადადგმული, რადგან ბოლო რამდენიმე არჩევნების შემდეგ იგნორირება და ფეხქვეშ გათელვა იყო, რაც ევროკავშირისგან დავინახეთ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ევროკავშირში საღი აზრი გაიმარჯვებს, რაც ჩვენთვის და მათთვის ხელსაყრელი იქნება.
მათ ის ხელისუფლება არ სურთ, რომელიც ქართველი ხალხის ნება-სურვილს გამოხატავს. ვიზალიბერალიზაციის საკითხი იმ შანტაჟის ინსტრუმენტია, რისი გამოყენების შემდეგაც მათ არანაირი ბერკეტი აღარ დარჩებათ. იმედია, ამ მიმართულებით ევროკავშირში საღი აზრი იქნება, რადგან ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში ევროკავშირს და მის ინტერესებს, ავტორიტეტს დააზიანებს” – აღნიშნა მათიკაშვილმა.
