დონალდ ტრამპმა დამატებით შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა აკრძალული აქვთ.გადაწყვეტილების თანახმად, სრული აკრძალვა ბურკინა-ფასოს, მალის, ნიგერის, სამხრეთ სუდანის, სირიის, ლაოსისა და სიერა ლეონეს მოქალაქეებზე გავრცელდება. ასევე, აკრძალვა შეეხება პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელ პირებს.თეთრმა სახლმა სირიისთვის აკრძალვის დაწესების მიზეზად სირიის მოქალაქეების მიერ აშშ-ში ვიზით გათვალისწინებული ვადების გადაცილება დაასახელა.„სირია სამოქალაქო არეულობისა და შიდა დაპირისპირების ხანგრძლივი პერიოდიდან გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარების მიზნით მუშაობს, სირიაში ჯერ კიდევ არ მოქმედებს პასპორტების გაცემის ადეკვატური ცენტრალური ორგანო და შესაბამისი შემოწმების პროცესი“, – განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციამ.შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ივნისში აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სრული აკრძალვა ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებზე გავრცელდა.
