„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.
მზია ამაღლობელის სახელით პრემია „ბათუმელების“ წარმომადგენელმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო, ანდჟეი პოჩობუტისაც სახელით კი მისმა შვილმა.
როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სტრასბურგში განაცხადა, “მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი სიმამაცისა და გმირობის განსახიერებები არიან.
„მზიას ბრძოლა ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის შუქურად დგას ყველა მათთვის, ვინც თვლის, რომ თავისუფლება და ღირსება არასდროს უნდა დანებდეს. ეს პრიზი მათთვისაა. მათი ხმა კვლავაც ისმის მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, მათი გაჩუმების ყველა მცდელობის მიუხედავად“- აღნიშნა მეცოლამ.
მისი თქმით, ევროპარლამენტი არასდროს შეწყვეტს იმ პოლიტიკური პატიმრების, იმ ჟურნალისტების უპირობო თავისუფლების დაცვას, რომლებიც უბრალოდ თავიანთი სამუშაოს შესრულების გამო არიან დაკავებულნი.
„მივმართავ ყველა იმ ქართველს, ვინც თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს, ეს პარლამენტი მტკიცედ დგას თქვენს გვერდით და ჩვენ ამას ვადასტურებთ ჩვენს რეზოლუციებში, ჩვენს განცხადებებში იმ საქმიანობაში, რომელსაც ვახორციელებთ იმისათვის, რომ საქართველო ევროპასთან რაც შეიძლება ახლოს იყოს, როგორც ის იმსახურებს და როგორც მისი ხალხი იმსახურებს“ – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. პარლამენტი მას ყოველწლიურად 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულების აღიარების ნიშნად. პრემიის საპრიზო თანხა 50 000 ევროს შეადგენს.
