თბილისის საქალაქოს სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.
ადამიანები ლპებიან, ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა, ფანჯრებიდან ფეხები აქვთ პატიმრებს გადმოყოფილი, ტევა აღარ არის, – ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ავთანდილ სურმანიძემ განაცხადა.
მან მოსამართლეს ციხეში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„ყველანი ტყუილად ვართ საპყრობილეში. მინდა, რომ ნომერ მერვე საპყრობილეში გადაიხედოს თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხონში სამჯერ-ოთხჯერ ნამყოფის, შიდსიანის, ყველას ერთად ყოფნა ხდება. მინდა, ეს გადაიხედოს. ჩემი თხოვნა იქნება, როგორც მოსამართლესთან, ჟურნალისტებთან, ეს პრობლემა მოგვარდეს.
ადამიანები ლპებიან, ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა, ფანჯრებიდან ფეხები აქვთ პატიმრებს გადმოყოფილი, ტევა აღარ არის“- განაცხადა ავთანდილ სურმანიძემ.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
