ხაბეიშვილის არის იმ პროპაგანდის და იმ დავალებების მსხვერპლი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობდა – როგორც წესი, აგენტი როდესაც ასრულებს სხვის დავალებას, გარკვეულ მომენტში ის აღარ სჭირდებათ და მიატოვებენ როგორც დავალების მიმცემები, ასევე ე.წ. თანამებრძოლები, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მან სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
მათიკაშვილმა აღნიშნა ,რომ ჯობდა ლევან ხაბეიშვილს ადრე ეფიქრა იმ მოცემულობაზე, „რაც მისი ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის დამაქცევარი საქმიანობის შედეგად დადგებოდა”.
„როგორც წესი, აგენტი როდესაც ასრულებს სხვის დავალებას, გარკვეულ მომენტში ის აღარ სჭირდებათ, და მიატოვებენ როგორც დავალების მიმცემები, ასევე ე.წ. თანამებრძოლები, რომლებიც ერთ რადიკალურ ნავში ისხდნენ და მათი სურვილი ქვეყნის არევა, ქვეყანაში უბედურების დატრიალება და მისი პროგრესის შეფერხებაა. შესაბამისად, ეს გულისწყრომა, რომელიც ხაბეიშვილს გააჩნია, გასაგებია. ალბათ, უკეთესი იქნებოდა ადრე ეფიქრა იმ მოცემულობაზე, რაც მისი ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის დამაქცევარი საქმიანობის შედეგად დადგებოდა – როგორ მიატოვებდნენ შუა გზაში, როგორ გადააგდებდნენ მისი დავალების მიმცემები და როგორ დარჩებოდა იმ მოცემულობის პირისპირ, რომ სამართალდამრღვევი და დანაშაულის ჩამდენი კანონის წინაშე პასუხს აგებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
კითხვაზე, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა, მათიკაშვილმა უპასუხა, რომ ოპოზიციას შიდა დაპირისპირება არ აკლია, თუმცა ასეთი ბრალდებები გამორიცხული არ არის ხელჩართულ დაპირისპირებაზეც გადავიდნენ.
„ოპოზიციას შიდა დაპირისპირება არც აკლიათ, თუმცა ასეთი ბრალდებები ჩვენ პერიოდულად ვისმენთ. გამორიცხული არ არის ხელჩართულ დაპირისპირებაზეც გადავიდნენ. რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არანაირი ღირებულებითი ერთობა არ გააჩნია და მათი ერთადერთი სურვილი ქვეყნის ფარგლებს გარედან დავალებების შესრულებაა და აგენტურული ხელისუფლების რევანშია. ცხადია, იმის პროგნოზირება როგორ გააღვივებენ კიდევ უფრო, თუნდაც ერთმანეთში, რადიკალიზმს, შესაძლებელი არ არის“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა.„არც მე მინდა ციხეში, ციხე ძალიან საშიშია, მაგრამ შიში საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება დღეს. ყურები გამოიჩხრიკეთ! ცოტა აზრზე მოდით! გეყოთ გამბედაობა და გამოდით, რომ ყელყელაობთ ტელევიზორში, ერთიანობაო. ყველა დღე მძიმდება სიტუაცია. როგორ გძინავთ ღამე? – ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და „კაპუჩინო“ უნდა დალიოთ?“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
