თეა წულუკიანის საქმის სასამართლო ჩაინიშნა 23 დეკემბერს – ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
“თეა წულუკიანის საქმის სასამართლო ჩაინიშნა 23 დეკემბერს. კარგია რომ 25 ში არ ჩაინიშნა. ან 31. შეიძლებოდა 7 იანვარსაც.
თარიღებზე გამახსენდა ერთი წერილი კვირის პალიტრიდან. ამბავი, როცა გიორგობა დღეს, ავთანდილ წულუკიანმა სიკვდილი მიუსაჯა 18 წლის ახალგაზრდას.
“ზაზა: – 18 წლის ვიყავი, მკვლელობა რომ ჩავიდინე, 19 წლის ციხეში გავხდი. 1996 წლის 6 მაისს, გიორგობას, მოსამართლე წულუკიანმა დახვრეტა მომისაჯა. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, დახვრეტას რომ მომისჯიდნენ, მაგრამ რადგან გიორგობა იყო, მეგონა, მოსამართლე მეტყოდა, ახალგაზრდა ხარ და ერთ შანსს მოგცემო. ასე არ მოხდა. დანაშაული ჯგუფური იყო, ჩემს თანამზრახველს 7 წელი მიუსაჯეს. მე ორივე ბრალზე ცალ-ცალკე დახვრეტა მომესაჯა.”
“მაშინ ისეთი ვითარება იყო, ყველა იარაღით დადიოდა. “მხედრიონი” და გვარდია გვყავდა მისაბაძი. ჩვენი თაობა ფიქრობდა, რომ ძალა იარაღშია. ავტომატიანის ყველას ეშინოდა.”
“6 მაისი, გიორგობა, არასოდეს დამავიწყდება. მოსამართლის თავთან ეკიდა წმინდა გიორგის გამოსახულებით გერბი და გიორგობას დახვრეტა მომისაჯა. დედა ცუდად გახდა, შევძახე, დედა, გამაგრდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი.”
“ადამიანს სიცოცხლე წავართვი, ამის უფლება არ მქონდა. ციხეში ხატწერა დავიწყე. კოლონიაში საამქრო იყო გახსნილი, სადაც პატიმრები ხელობას სწავლობდნენ. მე პირველად ვედრების ხატი დავწერე. კანონიკა ვიცოდი, რადგან საეკლესიო ლიტერატურას ვკითხულობდი”
“სიკვდილით დასჯის გაუქმებას 25 ივლისს მოაწერა ხელი შევარდნაძემ. ყოველ წელს ამ დღეს ყოფილი სიკვდილმისჯილები ვიკრიბებით. ზოგიერთთან ურთიერთობას ვაგრძელებ, ერთს დისშვილიც მოვანათვლინე. მაშინ დახვრეტა 20-წლიანი სასჯელით შეგვიცვალეს”
