საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ცენტრალური ბანკის ცნობით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7067- დან 2.7160-მდე, ანუ 0.3%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 3.1740-დან 3.1640-მდე, ანუ 0.3%-ით გამყარდა.
„თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7139 და 3.1514 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7263 იყო, მინიმალური კი – 2.7076.
ოქტომბერში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურთან შედარებით მეტად იყო გადახრილი. ოქტომბერში საშუალოდ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული თურქული ლირა, სახეზეა ევროს და ლარის გაუფასურებაც. როგორც თვის, ისე წლის ჭრილში გამყარებულია რუსული რუბლი. მცირე გამყარებით ხასიათდებოდა სომხური დრამი, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 3.6%-ით, თვის ჭრილში კი 0.4%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიურად 0.2%-ით, თვის ჭრილში კი 0.3%- ით გაუფასურდა.
ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს.
სავაჭრო პარტნიორთაგან ოქტომბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აზერბაიჯანში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო სომხეთსა და ევროზონაში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალი ნარჩუნდება“, – ნათქვამია ანგარიშში.
