2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინსნების მოდელი უქმდება, რის შედეგადაც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასურს სრულიად სახელმწიფო დააფინანსებს.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა.
ამასთან, როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებული დაანონსებული ცვლილება, სასწავლო ციკლის დასრულებამდე, არ შეეხებათ.
„მეორე კურსიდან და მიმდინარე რაც არის ჩვეულებრივად დარჩება იმ საგრანტო დაფინანსებაზე, ოღონდ მილევად რეჟიმში. რაც შეეხება ახლად მიღებულ სტუდენტებს, ამ მოცემულობაში უკვე რაიმე ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც, სადაც გრანტს რომ მოიპოვებოდნენ, მოხდებოდა ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, კონკურენციაც, რა თქმა უნდა, მატულობს. მოცემულობა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ჩვენ ამ საჭიროებების მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სახელფასო საკითხებთან, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან და ა.შ. ახლა გვაქვს ჩვენ შემდეგი სამი -ოთხი წელიწადი გარდამავალი პერიოდი. თუმცა კომპონენტი, რომელიც საგრანტო დაფინანსებას ეხება, შემდეგი სასწავლო წლიდან ამოქმედდება. საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან დაკავშირებით შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ “სუთავი 2′ – ის ეთერში.
მისივე თქმით, „ფაქტობრივად, უფასო ხდება სწავლება მათთვის, ვინც ჩააბარებს“.
