შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებზე უკრაინის თავდასხმებს ვლადიმირ პუტინი “მეკობრეობას” უწოდებს და უკრაინას ზღვაზე გასასვლელის წართმევით ემუქრება.
“რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა აკეთებენ არის მეკობრეობა.” – თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, საპასუხოდ რუსეთი “გააფართოებს დარტყმების დიაპაზონს” უკრაინულ პორტებსა და ხომალდებზე, რომლებიც ამ პორტებში შედიან.
“მეორეც, თუ ეს დარტყმები გაგრძელდება, ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას – არ ვამბობ, რომ ამას გავაკეთებთ, მაგრამ განვიხილავთ შესაძლებლობას – საპასუხო ზომებზე იმ ქვეყნების ხომალდების მიმართ, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას ამ მეკობრეული ქმედებების ჩადენაში. ყველაზე რადიკალური მეთოდი იქნება უკრაინის ზღვისგან მოწყვეტა, მაშინ, პრინციპში, საერთოდ ვეღარ შეძლებენ მეკობრეობას. ვიმედოვნებ, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ასევე ისინი, ვინც მათ ზურგს უკან დგანან , დაფიქრდებიან, ღირს თუ არა მსგავსი პრაქტიკის გაგრძელება.” – თქვა პუტინმა.
ცნობისთვის,გასული კვირის ბოლოს უკრაინამ ნავთობის გადატანისთვის სანქცირებულ ორ რუსულ ხომალდზე შავ ზღვაში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. შემთხვევა თურქეთის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მოხდა. ამას გარდა, რუსეთთან დაკავშირებული კიდევ ერთი გემი სენეგალის სანაპიროსთან აფეთქდა.
2 დეკემბერს თურქეთის თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო საქმეთა სამმართველომ გაავრცელა ცნობა, რომ თავს დაესხნენ რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალ ხომალდს, მიდვოლგა-2-ს, რომელსაც მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა. რუსულ მედიაში წერდნენ, რომ გემზე იერიში დრონმა მიიტანა. უკრაინის საგარო საქმეთა სამინისტრომ ხომალდზე თავდასხმა უარყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში კი ამბობდნენ, რომ მიდვოლგა-2 საქართველოსკენ არ მოემართებოდა.
