“ჯერ ერთი, ეს ნივთიერებები არის შეძენილი 2009 წელს. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული მასალა” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ BBC – ს ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, გაჟღერებული ინფორმაცია იყო სრული ტყუილი და ამასთან დაკავშირებით შსს-ს მინისტრი გეკა გელაძე უახლოეს მომავალში გააკეთებს განცხადებას და განმარტავს სიტუაციას.
“ჯერ ერთი, ეს ნივთიერებები არის შეძენილი 2009 წელს. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული მასალა. შსს დეტალურად გეტყვით რა ტყუილი გაავრცელა BBC-მ. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე. BBC-მ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით. [რატომ ინახავდა შსს აკრძალულ ნივთიერებას] ამ კითხვაზე მე ვერ გეტყვით, შსს სამინისტრო და პირადად მინისტრი გაგიზიარებთ ინფორმაციას და ამით დადასტურდება, რომ რაც გაავრცელა BBC-მ ეს იყო სრული სიყალბე. BBC-ის სიყალბეზე მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ.” – თქვა ირაკლი კობახიძემ BBC-ის სტატიაზე.
შეგახსენებთ, 1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი “კამიტე” გამოიყენა. გამოცემა წერს, რომ კანის წვა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ღებინება და სხვა სიმპტომები, რომლებიც თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, შესაძლოა, იმ ნივთიერებით ყოფილიყო გამოწვეული, რომელსაც შეეძლო ფატალური შედეგიც გამოეწვია. საშიში ქიმიური ნივთიერება – კამიტი საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს მისი საშიში ეფექტის გამო. BBC წერს, რომ ნივთიერების დადგენაში მათ მაღალი რანგის ინფორმატორი სპეცრაზმიდან, ექიმები და ექსპერტები დაეხმარა. მოგვიანებით, სუს-მა გაავრცელა განცხადება და დაწერა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და “უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების” მუხლებით, BBC-ის ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.
