პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება.
პარლამენტს მთავრობამ განსახილველად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომლის მიღების შედეგად, პოლიციის აკადემიას შესაძლებლობა მიეცემა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვოს. ამავე პროექტის მიხედვით, გაიწერება პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასთან, სწავლებასა და სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები.
“პოლიციის შესახებ” კანონის მოქმედი რედაქციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად არ მიიჩნევა.
ამჟამად, აკადემია პოლიციის თანამშრომელთა სპეციალურ პროფესიულ მომზადებას უზრუნველყოფს და სწავლება “სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ” კანონის შესაბამისად მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.
“არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და მაღალკვალიფიციური კადრების რესურსის გათვალისწინებით, აკადემიას აქვს შესაძლებლობა უსაფრთხოებისა და საპოლიციო სამართლის ფუნდამენტური სწავლება განახორციელოს. აღნიშნული სასწავლო პროგრამები განკუთვნილი იქნება როგორც შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ისე სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც სურვილი ექნებათ განათლება უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის მიმართულებით მიიღონ.
პროექტის მიღება და აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საპოლიციო საქმის როგორც პროფესიის პოპულარიზაციას, აკადემიური პოლიციური კადრების ფორმირებას, პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას, პოლიციის საზოგადოებაზე ორიენტირებულობის გაძლიერებასა და საპოლიციო საქმიანობაზე ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას“- ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
