“დიახ, ვაღიარებ რომ ეს იყო ჩემი პროტესტი, მითუმეტეს ეს ბატონი განთქმული საკუთარი უსამართლო გადაწყვეტილებებით.ყველაზე მინიმალური რაც შემეძლო იმდღეს გამეკეთებინა, საკუთარი ღირსების დასაცვად, რომელიც საკუთარ თავსაც მირჩევნია, გავაკეთე ის, რაც გავაკეთე და იმ უღირსობას გავეცი მინიმალური პასუხი,” – ამბობს პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, ნიკა მელია ის არ ნანობს, რომ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა. როგორც მან დღეს სასამართლო პროცესზე ისაუბრა, ეს ქმედება ერთადერთი იყო, რაც საკუთარი ღირსების დასაცავად შეეძლო განეხორციელებინა.
“მას შემდეგ, რაც შემომიყვანეს სასამართლო დარბაზში და დავინახე მოსამართლე შვანგირაძე, არ დაგიმალავთ, არანაირი წუხილი, დაინტერესება, სურვილიც კი, რომ დაინტერესებულიყო იმ საკითხით, რაზედაც მე ვაპელირებდი. 10 საათით ადრე, როდესაც 50-მდე ადამიანი გაგიტაცებს, შეგჩურთავს სადღაც სამარშრუტო ტაქსში, იქნებოდა თუ არა დაკავშირებული მის განსახილველ საქმესთან, მოსამართლე რისი მოსამართლეა, რომც არ იყოს მოსამართლე, მასში ადამიანობა მაინც უნდა ჩანდეს. მე ეს მაშინ ვერ დავინახე, ბუნებრივია, ბატონ შვანგირაძეს, საპროტესტოდ შევასხი წყალი, არა როგორც შვანგირაძეს, არამედ იმ რეჟიმს, რომლის წინააღმდეგაც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი სამართლიანად არის განწყობილი და არი ჩართული ამ ბრძოლაში, წლების განმავლობაში. აქ ჩვენ კონტექსტიდან არ უნდა ამოვგლიჯოთ ბატონი შვანგირაძის მიმართ 500 გრამი წყლის შესხმის ფაქტი. თუ დიდ სურათში შევხედავთ, მე დავინახე შვანგირაძე როგორც ერთი რგოლი, იმ დანაშაულებრივი ჯაჭვისა. დიახ, ვაღიარებ რომ ეს იყო ჩემი პროტესტი, მითუმეტეს ეს ბატონი განთქმული საკუთარი უსამართლო გადაწყვეტილებებით. ყველაზე მინიმალური რაც შემეძლო იმდღეს გამეკეთებინა, საკუთარი ღირსების დასაცვად, რომელიც საკუთარ თავსაც მირჩევნია, გავაკეთე ის, რაც გავაკეთე და იმ უღირსობას გავეცი მინიმალური პასუხი,” – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
