თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, თბილისის საკრებულოს წევრმა, ლუკა ძაძამიამ საკრებულო პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ლუკა ძაძამია საკუთარი გადაწყვეტილებით მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს.
„ლუკასთან მქონდა კომუნიკაცია, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ამ ახალგაზრდა ადამიანმა ბოლო თვეების განმავლობაში და არის მისი გადაწყვეტილება მუშაობა გააგრძელოს კერძო სექტორში, კერძო მიმართულებით. თვითონ გააკეთებს განმარტებას აღნიშნულთან დაკავშირებით. ის არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მან მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ყველა მოცემულობიდან გამომდინარე, ყველა ინტერესის გათვალისწინებით მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. გუშინ გვქონდა სუბარი. თავად გააკეთებს განმარტებას“- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, ძაძამიას წასვლა ხომ არ უკავშირდება წარსულში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებში მის მონაწილეობას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „შეუცდომელი არავინაა“.
„ლუკა ძაძამია არის ახალგაზრდა ადამიანი. ყველას გვეშლება ცხოვრებაში. შეუცდომელი არავინაა. არც თქვენ, არც მე და არავინ. ყველას გვაქვს შეცდომა დაშვებული, მით უმეტეს, როცა ხარ ახალგაზრდა. მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა. შესაბამისად, ახსნა -განმარტება გაკეთებული იყო მის ქმედებებთან, მის აწმყოსთან დაკავშირებით“- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა. 21 წლის ლუკა ძაძამია საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა.
