გელა ხასაიას განცხადებაზე, როგორ შეუძლია მოწმეებზე ზეწოლა მას უფრო, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გარეთ, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განაცხადა, რომ „ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს.
„მთელი ეს პერიოდი, ვცდილობ, ამ ყველაფერში პატარ-პატარა სიმართლის დადგენას. შევეგუებოდი, თუკი სასამართლო, პროკურორი ამიხსნის, როგორ შემიძლია ზეწოლა მოწმეებზე, ვიდრე ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გარეთ”,- განაცხადა ხასაიამ, მას მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, მისი საქმის გარშემო ესაუბრა.
„ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს”,- განაცხადა მოსამართლე ხუჯაძემ.
მისი გადაწყვეტილებით, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ბრალდებული წევრი, გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
შეგახსენებთ, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
