“ის, რომ ვინმე ვინმეს მფარველობს, მტკნარი სიცრუეა – ყველა ადამიანი, ჩადენილი ქმედებისთვის იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აგებს პასუხს, რაც საქმეშია”, – ალექსანდრე დარახველიძემ ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის, მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ისაურა.
მისი განცხადებით დაკავებულია საკმაოდ ბევრი ადამიანი და გამოძიება მიმდინარეობს. მისივე თქმით ყველა ადამიანი გასამართლდება იმ მტკიცებულებების მიხედვით რაც საქმეშია და დაუსჯელი არავინ დარჩება.
„აღნიშნულ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ და პროკურატურამ გაავრცელეს განცხადება. მიმდინარეობს გამოძიება, არაერთი პირია დაკავებული შესაბამისი მუხლებით და მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება. შესაბამისად, შსს და პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა თითოეულმა პირმა კანონის წინაშე აგოს პასუხი.
რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ვინმეს მფარველობს, ეს არის მტკნარი სიცრუე. ყველა ადამიანი მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აგებს პასუხს, რაც საქმეშია”, – განაცხადა დარახველიძემ.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა მასწავლებელს გიგა ავალიანს თავს 1-ელ ოქტომბერს დაესხნენ, რის შედეგად მიღებული დაზიანებებითაც ის კლინიკაში 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე ორი პირი ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეა დაკავებული.
