“მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი ნომერ პირველი მტერი არა მხოლოდ საქართველოში არამედ, მთელ რეგიონში ახლა უკვე ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, რომლებმაც გაბედეს და თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს, იბრძოლეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად” – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში დაბრუნებას ეხმაურება.
“ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია რეჟიმის გუშინდელი გადაწყვეტილება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი საფუძველი: ერთი არის ის, რომ 13 წლის თავზე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან, ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე, როგორც პერსონალური მტერი, დღესაც სწორედ მიხეილ სააკაშვილია. ეს განპირობებულია იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი ნომერ პირველი მტერი არა მხოლოდ საქართველოში არამედ, მთელ რეგიონში ახლა უკვე ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, რომლებმაც გაბედეს და თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს, იბრძოლეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. მეორე ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, მიიქციოს დასავლეთის და კონკრეტულად აშშ-ის ყურადღება. გახსოვთ აშშ-ის კონგრესში ბიძინა ივანიშვილზე საუბარი იყო, როგორც ვერშემდგარ, უნიათო დიქტატორზე და ახლა დიქტატურის კონსოლიდაციით ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა, რომ ის თავად შედგა როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთს და კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ყველაზე ძალიან მიკვირს, რომ ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფულის თვლაში გაატარა, ვერ აცნობიერებს, რომ ლუკაშენკოსგან განსხვავებით მისი პირადი, ისევე, როგორც ჩვენი ფინანსები დასავლეთზეა ჩამოკიდებული. ამიტომ ივანიშვილი ვერასოდეს შეძლებს, ჰქონდეს ის სამომლაპარაკებლო პოზიცია აშშ-თან ლუკაშენკოს, ან მომავალში შესაძლოა ჰქონდეს პუტინს, როდესაც მოლაპარაკებები შედგება.
ჩვენი პასუხი ამ სასოწარკვეთილ მოქმედებებზე, დიქტატურის კონსოლიდაციაზე უნდა იყოს ბრძოლა, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია. ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის, სიმართლისთვის, რომელიც ჩვენს მხარეს არის, სიმშვიდისთვის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ამ ქვეყნის დაბრუნებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამარჯვება ჩვენია და გამარჯვება უდაოდ მოვა. ამისთვის აუცილებელია ერთიანი ბრძოლის გაგრძელება ” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხდადებს.
გუშინ მიხეილ სააკაშვილი “ვივამედის” კლინიკიდან ციხეში გადაიყვანეს.
