თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ჯაკო ჩარკვიანის ოჯახი “მეტრონომთან” კომენტარს აკეთებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უპასუხებს.
დაკავებულის მამიდა თაკო ჩარკვიანი, ამტკიცებს, რომ გუშინ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ჯაკო ჩარკვიანის საცხოვრებელი სახლიდან, ასევე ბიძამისის საცხოვრებელი სახლიდან საბრძოლო მასალები ამოღებული არ ყოფილა.
“ძალადობას ვგმობ, მე თვითონ შემძრა იმ კადრებმა რაც ვნახე, არ შეიძლება ასე მოექცე უდანაშაულო მოლარეებს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არც ჯაკოს და არც მისი ბიძის სახლიდან იარაღი არ ამოუღიათ, ამას მოწმეებიც ხედავდნენ. არ ვიცი საიდან ამოიღეს ის იარაღი, რომელზეც განცხადებაში საუბრობს შშს. ეს ფაქტი, ისევ როგორც უშუალოდ შემთხვევა მიზანმიმართული პროვოკაციაა. არ გამოვრიცხავ, რომ გიორგობიანის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ვინმეს პოლიტიკური ნიშნით გამოყენებინა.
გიორგობიანმა დაურეკა ბიჭებს და უთხრა, რომ მასზე იძალადეს, დაარტყეს. უბრალოდ მართლა მაინტერესებს, რატომ არ დარეკა მან პოლიციაში და რატომ მიიყვანა ბიჭები სასაკლაოზე” – ამბობს თაკო ჩარკვიანი ჩვენთან საუბრისას.
