შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით მიქაძის დაცვის უფროსი, დავით ჩუბინიძე დააკავა. დავით მიქაძეს კი, რომელიც ასევე ბრალდებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ახალი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება.
“გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236 მუხლის მე-6 და 237-ე მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს: ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ანდა ასეთი იარაღის, დასამზადებელი მასალის ან მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა.
