ალკოჰოლური სასმელების უკანონოდ დამზადების საქმეზე ბრალდებულ ვლადიმერ ხუნდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე საქართველოში არ იმყოფება. ადვოკატის განცხადებით, ხუნდაძე 2 კვირის წინ თურქეთში, სამკურნალოდ გაემგზავრა.
“მას შეგნებულად არ დაუტოვებია საქართველოს რესპუბლიკა. არ ყოფილა არცერთ ეტაპზე დაკითხული, არც ეჭვმიტანილი, არც ბრალდებული. მან არ იცოდა მის მიმართ აღძრული, რომ იყო სისხლის სამართლის საქმე. თავისი ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადალახა საქართველოს საზღვარი და გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში. სანამ მის ძმას დააკავებდნენ, მანამდე დატოვა საქართველო. არანაირი პირდაპირ ბრალდება მის წინააღმდეგ არ არსებობს, არც მტკიცებულებებია, არსებობს ერთადერთი მოწმის არაპირდაპირი ჩვენება [გოგიჩაიშვილზეა საუბარი], რომელიც ამბობს, რომ არანაირი ფულ არ მოუთხოვია”- განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძის ადვოკატმა.
შეგახსენებთ,ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ყოფილი მოკრივე ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი.
