სუსისა და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში, თუმცა ამ დროისთვის ამოღებული ნივთებისა და თანხის შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება. განსხვავებით სხვა საქმეებისა, ამჯერად საგამოძიებო უწყებამ არც ვიდეოკადრები და არც ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
კორუფციულ სკანდალში გახვეული ყოფილი მინისტრის მეუღლე ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობს. გამოძიების მთავარი ვერსიით, ბაღების ასაშენებლად განკუთვნილი თანხების გაფლანგვაში შესაძლოა ჩართული იყვნენ ქარსელაძის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელები.
ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, გაბუნიას დანაშაულში მონაწილეობა უკვე დაუდასტურა ფონდის ყოფილმა დირექტორმა, რომელმაც აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ თავისუფლება მიიღო. ახლა გამოძიება სწავლობს, მისცემს თუ არა გაბუნია ჩვენებას თავად ირაკლი ქარსელაძეზე.
საქმის გარშემო საგამოძიებო სტრუქტურები მუშაობას აგრძელებენ. როგორც ცნობილია, ანტიკორუფციულ სააგენტოში უკვე გადაგზავნილია მასალები, რომლებიც ქარსელაძის მინისტრობის პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებს შეეხება.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახლა ყოფილი მინისტრის სავარაუდო ბიზნესინტერესებია – იკვლევენ, რომელ საგზაო კომპანიებთან ჰქონდა მას კავშირი და რა ოდენობის წილი ეკუთვნოდა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან არ გამორიცხა, რომ ქარსელაძე შესაძლოა დააკავონ.
