სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიესალმება ნინო დათაშვილის გათავისუფლებას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არ შეიძლება, პატიმრობის გამოყენება დაფუძნებული იყოს აბსტრაქტულ რისკებსა და საფრთხეებზე.
“სახალხო დამცველი მიესალმება ნინო დათაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს.
2025 წლის 28 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
მოსაზრებაში მიმოხილული იყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი სტანდარტები. მითითებული იყო, რომ არ შეიძლება, პატიმრობის გამოყენება დაფუძნებული იყოს აბსტრაქტულ რისკებსა და საფრთხეებზე, და ასევე, მხოლოდ სადავო ქმედების ხასიათსა და ბუნებაზე. პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია – თუ არ არსებობს მისი გამოყენების რელევანტური და საკმარისი მიზეზები, ხოლო საფრთხეების არსებობა კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობის მტკიცებულებებით უნდა საბუთდებოდეს, როდესაც პატიმრობა განგრძობითია.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილული იყო ბრალდებულ ნინო დათაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები, მათ შორის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რელევანტური ასპექტები.” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნინო დათაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
