მოძრაობა „300 ქალი“ პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს, რომ ნინო დათაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.
“ქალები სოლიდარობას ვუცხადებთ მასწავლებელ ნინო დათაშვილს და დღეს მივმართავთ პროკურატურას განცხადებით, რომელსაც 300-ზე მეტი ქალი აწერს ხელს. მოვითხოვთ, რომ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, შეიცვალოს უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, კერძოდ, ნინო დათაშვილს შეეფარდოს გირაო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და აუცილებელია ნინოს სიცოცხლის გადასარჩენად, ეს აღკვეთის ღონისძიება იქნეს გამოყენებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 12 საათზე, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.
როგორც დათაშვილის ადვოკატი აცხადებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად გაუარესებულია.
ნინო დათაშვილს ციხიდან სასამართლოში ვერ მიიყვანენ.
პატიმრობაში მყოფი მასწავლებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მისი ეტაპირება ეტლითაც შეუძლებელია.
პროცესის პარალელურად, საქალაქოსთან ნინო დათაშვილის სოლიდარობის აქციაა დაანონსებული.
