“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა არის დრო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა.
როგორც ლევან სანიკიძე წერს, რიგი პარტიების და საზოგადოების გაერთიანების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გარღვევის შესაძლებლობა იქმნება.
“ივანიშვილმა “გასაუქმებლად” სამი ოპოზიციური ძალა (გ)ამოარჩია – ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო.
არათუ სისტემურ, არამედ ტექნიკურ ოპოზიციად ოფიციალურად გაფორმდა გახარიას პარტიის ნარჩენები.
დღევანდელი გადმოსახედიდან, ლელოს ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება.
დღეს რაც მოხდა შესაძლებლობაა, შესაძლებლობაა მომაკვდავი პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებისთვის.
შესაბამისად, ახლა არის დრო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და ვაჩვენოთ რეალური ერთიანობა.
ბევრი საკითხია გასარკვევი, არაერთ პრინციპზე ვართ შესათანხმებელი, ბევრ თემაზეა ბუნდოვანება მოსახსნელი, მაგრამ რიგი პარტიების (შესაძლებლობების, ადეკვატურობის ფარგლებში) და საზოგადოების გაერთიანების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გარღვევის გაკეთების შესაძლებლობა გვეძლევა.
მე არ ვგულისხმობ ყბადაღებულ “ყველას” ერთობას – ვისაც შნო და უნარი აქვს, ვისთანაც ლაპარაკი და დადებული სიტყვის დაცვა შესაძლებელია მათ გაერთიანებას.
მე არ მჯერა პარტიების და პოლიტიკოსების შერიგების, მაგრამ მორიგების მჯერა.” – წერს სანიკიძე.
შეგახსენებთ, “ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო”-ს აკრძალვით მიმართავს.
