ეკონომიკის მინისტრის დაკავებული მოადგილე “ოცნების” ექს-მაღალჩინოსნებთან ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, დღეს, სასამართლოში პირველად მიიყვანეს. რომეო მიქაუტაძის ოჯახი ამტკიცებს, რომ ოქროს ზოდები, ძვირადღირებული სამკაულები და დიდი ოდენობით ნაღდი ფული მათი სახლიდან არ ამოუღიათ. ოჯახი ჩხრეკას ადასტურებს. “პირველების” ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის ექს მოადგილის სახლიდან დოკუმენტებია წაღებული.
რომეო მიქაუტაძის სახლის ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია სუს-მა გაავრცელა. ადვოკატი ამბობს, რომ ჩემოდნებში ჩადებული დოლარების შეკვრა მათი არ ყოფილა და სახლიდან სულ 1 200 დოლარი წაიღეს.
ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი რომეო მიქაუტაძე, დღეს, სასამართლოში მისმა მეგობარმა ამხილა. რვა მილიონიანი კორუფციული სკანდალის საქმეზე ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ჯუბო ტურაშვილი დაკითხეს. პროკურატურის მოწმემ დაადასტურა, რომ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს რომეო მიქაუტაძეს პარალელურად ბიზნესიც ჰქონდა. ეს ერთ-ერთია იმ 9 ბრალიდან, რასაც პროკურატურა ყოფილ ჩინოვნიკს ედავება.
გამოძიების ვერსიით, მაშინ როცა რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მისივე კომპანიებს: “მომავლის ენერგიას” და “ნახიდურის ჰესს” ლობირებდა. მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება ისიც, რომ მიქაუტაძე მფარველობდა შპს “ჯეოკრაფტსაც”, რომელიც მისი მეგობრებისაა – გამოძიების ეს ვერსია დღეს დაადასტურა პროკურატურის მოწმემ.
პროკურატურას რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ 116 მოწმე ჰყავს. მათი დიდი ნაწილი სამინისტროს თანამშრომლები არიან, ვინც “ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსანთან წლები იმუშავა და ზუსტად იციან, რის მიხედვით ენიჭებოდა უპირატესობა ენერგეტიკის სფეროში მომუშავე სხვადასხვა კომპანიას.