ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი რომეო მიქაუტაძის ოჯახი ამბობს, რომ მათი სახლი მეორედ არ გაჩხრეკიათ და “ოქროს ზოდებიც”, რომელიც სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებშია, მათ არ ეკუთვნით.
“პირველების” კითხვაზე, ხომ არ ელოდებიან, რომ რომეო მიქაუტაძეს ბრალი დაუმძიმდება, ოჯახის წევრები არ პასუხობენ.
სუს-ის მიერ ორი დღის წინ გავრცელებული განცხადების შემდეგ, ყოფილი მაღალჩინოსანი საკუთარ სასამართლოზე პირველად გამოჩნდა.
მიქაუტაძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ მიქაუტაძის სახლიდან სამართალდამცავებმა დოკუმენტები და 1200 დოლარი ამოიღეს, ამ ფულს კი, მისი მტკიცებით, კავშირი არ აქვს „იმ საქმესთან, რომლის ფარგლებში 7 მილიონი დოლარი ამოიღეს“.
ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებების მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებთან ერთად გაჩხრიკეს რომეო მიქაუტაძის სახლიც.
უკვე არსებული ბრალდების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.