არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც საპატრიარქო სოციალურ ქსელში წერს, ეპარქიულ კომისიაზე არგამოცხადების გამო, არქიმანდრიტი დოროთე ახსნა-განმარტებისთვის უნდა გამოცხადდეს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე.
“მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი.
კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები და საჯარო გამოსვლები, სადაც იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები. კერძოდ, მის საუბრებში, როგორც ამბიონიდან, ისე საჯარო გამოსვლებში, გამოიკვეთა წმინდა სინოდის, ცალკეული სასულიერო პირებისა და მორწმუნე საზოგადოების მისამართით დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ასევე, მისი მხრიდან ადგილი აქვს ცილისწამების გავრცელებას, თითქოს მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, საპატრიარქოში შეხვედრისას, მას თავისი პოლიტიკური პოზიციის გამო მოეთხოვა პასუხი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, რომელზეც დაბარებული იყო და მღვდელმთავრებთან საკუთარი პოზიციის განმარტების საშუალება მიეცემოდა, არქიმანდრიტი დოროთე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. ეს კი სასულიერო პირის მხრიდან სერიოზულ დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს.
აღნიშნულის საფუძველზე, კომისიის წევრებმა დასკვნის სახით მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის უნდა გამოცხადდეს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე.” – ნათქვამია განცხადებაში.