პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.
რაც შეეხება ეროვნული შერიგების საკითხს, მისი თქმით, ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხებზე და არა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით.
„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით აზრი არ შემიცვლია, ეს აზრი ბევრჯერ მაქვს დაფიქსირებული და საყოველთაოდ ცნობილია.
ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა და კიდევ ბევრი რამ, დეოკუპაცია. ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომლებზეც უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, შეთანხმება.
შიმშილობა, რა თქმა უნდა, არის პროტესტის ფორმა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ქვეყანაში რეალური პრობლემა, ახალი წლის წინ აქვს თითოეულ ოჯახს, შემოსავლების, სიღარიბის, ინფლაციის, სამუშაო ადგილების მხრივ და ა.შ. ეს ის პრობლემებია, რომლებზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ეროვნული შეთანხმება, კონსენსუსი უნდა შედგეს ამაზე და არა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე ან არგათავისუფლებაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა. მისი განმარტებით, მან ილია მეორეს აღსაყდრების იუბილე წინასწარ მიულოცა, რადგან 25 დეკემბერს ქვეყანაში არ იქნება. რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკური საკითხებს, გახარია ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.
https://mix.metronome.ge/24687-2/