“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ მასობრივი შიმშილობის პროტესტთან დაკავშირებით, “ტაბულას” დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“შიმშილობას თუ არ ეთანხმებით, აბა რა გზას ხედავთო (?!) – შიმშილობა რომ
გზაც არაა, ამას ცოტა ხნით გავწევ, თანაც, რა ჩემი საქმეა ბარამიძე რამდენს შეჭამს.
მაგრამ რა გზას ვხედავთ, ხომ აგიხსენით?!
თუ სამკვდრო-სასიცოცხლო თემაა ივანიშვილის რეჟიმი, სულ მცირე პარლამენტზე ასახეთ და საპარლამენტო კრიზისი შექმენით!
ასეთი არაფერი გამიგია, ოღონდ პარლამენტიდან არ გამოვიდნენ და მიშას დასაწყნარებლად მზად არიან, ჩანაცვლებით იშიმშილონ.
თანმიმდევრული გზა არის ერთი:
ა) ოპოზიცია გამოდის პარლამენტიდან და ქმნის საპარლამენტო კრიზისს.
ბ) შემდეგ, იწყებს მოლაპარაკებებს საპარლამენტო კრიზისის დაძლევაზე
და აყენებს თავის პირობებს!
ახლა, ოპოზიცია ვერანაირ პირობას ბიძინას ვერ დაუყენებს იმიტომ, რომ ბერკეტი არ გააჩნია! ვერაფერში გაცვლის ვერაფერს!
ბარამიძის შიმშილობა ბერკეტი არ არის. მაგრამ, და ეს არის დიდი მაგრამ…
თავში ქვა გიხლიათ!
ჩვენ მაინც თავიდან გვაქვს ასაწყობი ყველაფერი. ისედაც, მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ასეთი აგონიური ქმედებების პირობებში, პოლიტიკურ პროცესს კროტის დასხმის გარდა არაფერი უშველის.
პროცესი დალპა! ბევრი რამ თავიდან უნდა დაიწყოს. ჩვენ ასე ვიქცევით
ერთადერთი გზა, რომ სხვა პარტიებთან ერთად, რაღაც მყარზე დავდგეთ – საპარლამენტო კრიზისია.
სხვა გზა – მხოლოდ საბაზისო ჭეშმარიტებებთან დაბრუნება და თავიდან, უხერხემლოების გარეშე, დამოუკიდებელი პროცესის დაწყებაა”, – წერს ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
მანამდე ჟურნალსტმა აღნიშნულ საკითხზე დაწერა:
“ისე მოხდა რომ ეს ორი კვირაა სულ ხალხს ვხვდები – ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი.
ჩვენ რომ ვშიმშილობთ, ეს რატომ არ აინტერესებს არავისო – მეკითხებიან.
თუ ოპოზიციურმა მედიამ დღის წესრიგი არ გამოცვალა, ხალხის გაუცხოება იმ სხვისი დრამისგან, რაც მედიაშია – მხოლოდ გაიზრდება.
რეალურად ამიტომაც ვიწყებთ პოდკასტს, რომ იმაზე ვილაპარაკოთ, რაც ჩვენი აზრით, ამომრჩეველს აწუხებს – მასშტაბი დიდი არ ექნება თავიდან, მაგრამ ჩვენი ამომრჩევლისთვის ეგეც საქმეა, მასე მივწვდებით.
ამ სასოწარკვეთასთან, არათანმიმდევრულობასთან, ისტერიულობასთან – საერთო მე აღარაფერი მაქვს, არათუ ზოგადად ამომრჩეველს”, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქზე”.
ცნობისთვის, მასობრივი შიმშილობის აქცია ენმ-ს მთავარ ოფისში გუშინ, 21 დეკემბერს დაიწყო. ცოტა ხანში ადგილზე სამედიცინო პუნქტი მოეწყობა და მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტრის, მუდმივად იმორიგეოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ამ დროისათვის ადგილზე 11 კარავია გაშლილი.
